“საქართველოს ადგილი საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ რეიტინგებში”
დღეს საქართველოს პარლამენტში ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ადგილს საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ რეიტინგებში.
ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე აცხადებს: “ჩვენ ხშირად ვხდებით ფაქტებს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იწონებენ საქართველოს პოზიციებით საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც სინამდვილეში ფალსიფიცირებულია, ეყრდნობა ციფრებით მანიპულირებას და არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის შედეგები, სადაც არის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად იმყოფება საქართველო საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ რეიტინგებში. თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს უკუსვლა ან ჩამორჩენა. მაგალითად: ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ათი კომპონენტიდან შვიდში გვაქვს უკუსვლა; გლობალური კონკურენუნარიანობის ინდექსში 12 კომპონენტიდან თორმეტივეში გვაქვს უკუსვლა; მსოფლიო მმართველობის ინდიკატორში ექვსი კომპონენტიდან ხუთში გვაქვს უკუსვლა და ანალოგიური მდგომარეობა სხვა რეიტინგებში.
ანტიკორუფციული მოძრაობის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც საქართველოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის და კორუფციით არის განპირობებული. “
ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებელი ლაშა ფარულავა აცხადებს: “ეკონომიკური თავისუფლების, კონკურენტუნარიანობის, ბიზნესის კეთების, მსოფლიო მმართველობის და კორუფციის აღქმის ინდიკატორების კვლევამ წარმოაჩინა, საქართველოს პოზიციური უკუსვლა საერთაშორისო რეიტინგებში, დინამიკაში კი ძირითადად სახეზეა რეგრესი.
სახელმწიფო ინსტიტუტების უკუსვლას განაპირობებს მიკერძოებული სასამართლო და საგამოძიებო სისტემა, ხოლო ანტიკორუფციული პოლიტიკის არარსებობა და სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობა, ელიტურ კორუფციას ახალისებს, რაც მზარდი ავტორიტარიზმის ძირითადი წყაროა.”