ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებს ცხოვრებას. მარტის თვეში ძლიერმა წვიმებმა და დიდ თოვლიანობამ დააზიანა საავტომობილო გზა, სახლების წინ არსებული გზა რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ყოველდღიურად გაუსაძლისი ხდება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება. შეუძლებელია არსებულ გზაზე საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდეს სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები. ასევე, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების საძირკველი, მნიშვნელოვნად დაცილებულია სახლის აივნები კედლებიდან და არსებობს ბზარები რომელიც საკმაოდ შესამჩნევია. საფრთხე ექმნება ცენტრალურ გადამცემ ელექტროგამანაწილებელ ანძას, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობს მოსახლეობასთან, მეწყერსაშიშ ზონაში და არსებობს საშიშროება იმისა რომ კონსტრუქცია მთლიანად მოიშალოს მიწის მასების ჩამოშლასთან ერთად.
ადგილზე მისულ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენელს, ლაშა ფარულავას საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. იგი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც აღნიშნეს რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისინი უყურადღებოდ დატოვა და უშედეგოდ ითხოვენ დახმარებას.
მიწის მასების ჩამოშლის პროცესი ამ ეტაპზე შეუქცევადია, რადგან არ ხორცილდება არანაირი სამუშაოები. ამიტომ, ყოველი ნალექის შემდგომ საშიშროებაა იმისა, რომ მიწის მასები ჩამოიშალოს, საკმაოდ დიდია და მოსახლეობა საფრთხის ქვეშ იმყოფება.
საჭიროა დაუყოვნებელი რეაგირება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

