ზესტაფონის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ და სასამართლოსთვისაც აპირებენ მიმართვას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა დაზარალებულებთან ერთად სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აანონსებს.
დაბზარული კედლები, ჩავარდნილი იატაკი, დეფორმირებული საცხოვრებელი სახლი, ეს უმძიმესი სურათი დაგხვდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უზნაძის ქუჩაზე დაბზარულია თითქმის ყველა ნაგებობა, რომელიც ამ ქუჩაზე მდებარეობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი საჯაროდ ამაზე საუბარს გაურბის, ეშინიათ რომ ადგილობრივი ხელისუფლება და სუსი, მათ პრობლემებს შეუქმნის.
,,იატაკი საერთოდ აღარ არის, ჩავარდნილია, იქით სულ ბზარებია, აბანო, სამზარეულო დანგრეულია სულ მთლიანად’’. – აცხადებს უზნაძის ქუჩის მაცხოვრებელი.
საცხოვრებელი სახლების დაზიანება რიკოთზე მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ დაიწყო, დასახლებას პრობლემა გვირაბმა შეუქმნა რომელიც ინფრასტუქტურის კონტრაქტორ ჩინურ კომპანიას ქუჩის ქვეშ უნდა გაეყვანა. მძიმე მდგომარეობაა ამავე ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს ყოფილ შენობაში სადაც 40 ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
,,ყურადღებას არ გვაქცევს არავინ და გვიწევს ამ დანგრეულ სახლში ცხოვრება შვილებთან ერთად, შიშის ქვეშ’’ – აცხადებს უზნაძის ქუჩის მაცხოვრებელი.
,,ეს ბზარი გაჩნდა 2021 წლიდან, წინა გვირაბი როცა გაიყვანეს, ასეთი არის უკვე უამრავი ბინებში, დერეფანში, რომელიც არ იყო’’ – აცხადებს უზნაძის ქუჩის მაცხოვრებელი ლალი დავითულიანი.
,,შენობის ქვეშ გვირაბი გადის, მეორე გვირაბი კი რამდენიმე მეტრის სიახლოვეს, ადგილობრივები ბზარებს ვეღარ ითვლიან.
ჩვენ გვინდა აგვიხსნან რისი ბრალია, ვითხოვთ მოვიდეს ადვოკატი და სასამართლომდე მივიდეს ჩვენი საქმე, ჩვენ გავცემთ პასუხს რა ხდება’’ – აცხადებს უზნაძის ქუჩის მაცხოვრებელი ლალი დავითულიანი.
,,აუცილებლად დავეხმარებით იურიდიულად , დავუნიშნავთ ისეთ ადვოკატს რომელიც მათ ინტერესებს ბოლომდე, ყველა ინსტანციაში დაიცავს და ვერავინ შეძლებს ამ ადამიანის, იურისტის გაჩერებას, შეჩერებას, დაშინებას და ა.შ. იმიტომ რომ როგორც მოსახლეობა აცხადებს იყო ესეთი ფაქტებიც’’ – აცხადებს გიგა გურული „ნაციონალური მოძრაობის“ ზესტაფონის ორგანიზაცია.
ადგილობრივები ამბობენ რომ ღამით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, რადგან მძიმე ტექნიკა მეორედ გზაზე სწორედ ამ დროს გადაადგილდება, რიკოთზე მოძრაობის შემზღუდველი რეჟიმი საღამოს 7-დან დილის 7-მდე მოქმედებს, დროის ამ მონაკვეთში მოსახლეობას გადაადგილება საჩხერის გზით უწევს, რაც მგზავრობას 3 საათით ახანგრძლივებს.
ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა 2021 წელს, ალტერნატიული ძირულა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა რომ დასრულებულიყო. თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა და სამუშაოებიც გაურკვეველი დროით შეჩერდა.
ინფარსტრუქტურის სამინისტრო ზესტაფონელების პრობლემებზე არაფერს ამბობს. ადგილობრივების თქმით უწყება პასუხისმგებლობას ერიდება, რაც შეეხება შემოვლით გზას სამინისტროში ამბობენ რომ შეჩერებული მშენებლობა გაგრძელდება, ახალი კონტრაქტორის გამოსავლენად კი ტენდერი უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს.

