თბილისში დაფუძნდა საზოგადოებრივი გაერთიანება საქართველოს ,,ანტიკორუფციული მოძრაობა“.
ანტიკორუფციული მოძრაობა აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოს და ათეულობით სამოქალაქო აქტივისტს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ განაცხადა:
,,ჩვენი მიზანია, სამოქალაქო აქტივიზმის გზით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული ფაქტების გამოვლენა, კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილება და დაზარალებული სუბიექტების ადვოკატირება. ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების აქტიური ჩართულობით საზოგადოებრივი ზეწოლა სამართალდამცავ უწყებებზე, რათა ვაიძულოთ რეაგირება, კორუფციულ ფაქტებზე და საქმეები საფუძვლიანად გამოიძიონ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, თუ, რა კავშირი აქვს მათი ცხოვრების გაუარესებულ მაჩვენებლებს, სიღარიბესა და ეკონომიკურ პრობლემებთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კორუფციას. ზუსტად, ამ გზით ვეცდებით ფართო საზოგადოების დარაზმვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში’’.
ანტიკორუფციული მოძრაობის მასშტაბებზე და სამომავლო გეგმაზე ისაუბრა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ფარულავამ, რომელმაც განაცხადა რომ:
ხელისუფლების მიერ წახალისებული სისტემური და პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და მსხვილ ბიზნესში არსებული ოლიგოპოლია, სახელმწიფოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა. რომელმაც ფაქტიურად ჩამოშალა ინსტიტუციები და გააღრმავა საზოგადოებაში ნიჰილიზმიპოლიტიკური პროცესის მიმართ, რაც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შემაფერხებელი და ავტორიტარიზმის გაძლიერების ძირითადი წყაროა.
ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და ინსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ქართული ოცნების კორუმპირებულ კლანს, სრულფასოვნად და ობიექტურად გამოიძიებს კორუფციულ ფაქტებს და შეაკავებს მზარდ ავტორიტარიზმს.
ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ იმუშაოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც კორუფციული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შევქმნით ლოკალურ ჯგუფებს და არ მივცეთ მოსვენებას ქართული ოცნების მიერ შექმნილ არაფორმალურ კორუმპირებულ დაჯგუფებას, ქვეყანას წაართვას დემოკრატიის განვითარების პერსპექტივა’’.
ასევე ანტიკორუფციულ მოძრაობას უერთდება სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი და პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისი მდებარეობს თბილისში, ფერისცვალების ქუჩა N20/22 (მეტროსადგური ავლაბრის მოპირდაპირე მხარე).