ანტიკორუფციული მოძრაობის ორგანიზებით კონფერენცია “რატომ ვირჩევთ ევროპულ გზას” და კვლევის “საეთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლი ქართულ ეკონომიკაში” პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებას პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს ეკონომიკაში ხუთი უმსხვილესი, დასავლური საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის (IFI) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მსოფლიო ბანკის (WB), აზიის განვითარების ბანკის (ABD), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯამურად გაღებული ფინანსური კონტრიბუცია ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც ჯამურად შეადგენს – 50 მილიარდ ლარს.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური რესურსები ძირითად შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორიცაა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, მუნიციპალური სერვისები, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და სხვა. რაც სახელმწიფოს მდგრადობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.
მაგალითისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობის 90% დონორებისგან მიღებული ფინანსებია, ასევე რიკოთის უღელტეხილის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაც ჯამში 2.5 მილიარდი ლარითაა დაფინანსებული. სხვა საავტომობილო გზების მშენებლობისთვის, მხოლოდ მსოფლიო ბანკისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა 2.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ანალოგიურია ვითარება ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის შემთხვევაშიც, სადაც ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბი შენდება და 1.4 მილიარდი ლარია დასავლური ბანკების ფინანსური მხარდაჭერა.
უდიდესია დასავლური ბანკების როლი საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაში, სადაც გაწეულია 2.2 მილიარდი ლარის ფინანსური მხარდაჭერა.
უმსხვილესია დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებშიც, რაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, მაგალითისთვის როგორიცაა: მაგისტრალური გაზსადენები, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი აირით უწყვეტ მომარაგებას; წყალმომარაგების ნაგებობების მშენებლობა; მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება; სკოლების რეაბილიტაცია და სხვა. „
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს დასავლელი პარტნიორებისგან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა და სახელმწიფოს მდგრადობა მხოლოდ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით იქნება უზრუნველყოფილი, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. – განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ
,,ჩვენი სახელმწიფოს მდგრადი განვითარების მთავარი გარანტი დასავლური ინსტიტუციებია. მათი ფინანსური მხარდაჭერით ინარჩუნებს საქართველო სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონტრიბუცია დასავლეთმა განახორციელა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა სტრატეგიული ობიექტები.
ამ დროს ჩვენ ვხედავთ ორკესტრირებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი, მისი დირიჟორობით პარლამენტში გაჩნდნენ ე.წ. გამიჯნულები, რომელთა მთავარი ამოცანა ჩვენი მეგობრების კრიტიკა და რუსი ოლიგარქის დაცვაა.
სწორედ ამის საპასუხოდ ჩვენ მოვამზადეთ კვლევა, რომელიც კონკრეტული ციფრებით ადასტურებს ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი და ვინ მტერი’’ – განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ.